თორნიკე რობაქიძე, საქართველო
ვირტუალური დიალოგების ახალი ცხოვრება, 2020, 22 სქრინშოთი
პროექტი ეხება პოეზიას, რომელიც იქ აღმოვაჩინე სადაც ერთი შეხედვით მისი ადგილი არ იყო, ან სწორედ იქ სადაც მინდოდა რომ მეპოვნა. მესინჯერის ჩათში ნაპოვნი ტექსტები იშლება სიტყვებად და შემდეგ სიტყვები ერთიანდებიან ისე, როგორც თავად მე, ავტორი მოვიაზრებ, ისე, როგორც ჩემთვის უფრო მისაღებია, მცირე პოეტურ ტექსტებად თუ კონკრეტულ აზრებად.
ეს ერთი შეხედვით ჩემი პრივატული სივრცის მოშლა და სააშკარაოზე გამოტანაა, მაგრამ ახალი ენით, რომელიც სრულიად სხვა ვიზუალურ დატვირთვას იძენს, ვიდრე თავიდან. ბანალური წინადადებებიდან, რომელიც ორი ადამიანის ვირტუალურ დიალოგში მრავლადაა, სიტყვები ერთანეთს ეძებენ და ახალ სამყაროს ქმნიან. თითქოს უკვე დასრულებული დიალოგები ახალი ფორმით წარმოდგებიან აწმყოში და პოეზიის დახმარებით სიცოცხლეს აგრძელებენ. მნიშვნელოვანია დროის დეტალიც: კონკრეტული დრო რომელიც მიმოწერის საათს აფიქსირებს და უკვე დასქრინვის დრო, როგორც ტექსტის ახალი სიცოცხლის ათვლის მომენტი.
პროექტში წარმოდგენილია 22 სქრინი ინსტაგრამ და მესენჯერ ჩათიდან. ოცდაორივე სქრინი კეთდებოდა როგორც დამოუკიდებელი ნამუშევარი, თუმცა ბოლოს როცა მუშაობა შეწყდა, მივხვდი რომ თითოეული ნამუშევარი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყო და ქმნიდა ერთ ამბავს, ვირტუალურ სიყვარულის ისტორიას, სადაც მინიმალისტური პოეტური ფრაზების დახმარებით, სიყვარულის ყველა ეტაპი გამოჩნდა. ამბავი იწყება მზის ამოსვლით და სრულდება მზის ჩასვლით. მზე როგორც დროის მთავარი მოძრავი წერტილი ცაზე, აქაც, ამ გაყინულ ვირტუალურ სივრცეში, ამბის დასაწყისი და დასასრულია.
|